ევროპის ბიზნესრეესტრების ასოციაციის 42 წევრი ქვეყნიდან 2024 წლის ღონისძიების მასპინძელი საქართველო იქნება
2024 წელს ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 42 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას. საქართველოს დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მიღებული ,,მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონი და კანონის შესაბამისი მომსახურების დანერგვისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები გააცნო. გაიმართა საჯარო რეესტრის ელექტრონული პორტალის პრეზენტაციაც, რომელიც ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს.
ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად მიღებული კანონის იმპლემენტაციამ და სარეგისტრაციო პრაქტიკამ, ევროპული საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება დაიმსახურა. შედეგად, რამდენიმე მსურველ სახელმწიფოს შორის, არჩევანი საქართველოზე შეჩერდა და გადაწყდა, რომ 2024 წლის ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაციის ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება.