დგას თუ არა ბაქრაძის საქმის უკან ნაციონალური “ყულაბა”?

   რა კვალზე გადის პროკურატურა და დგას თუ არა ბაქრაძის საქმის უკან ნაციონალური “ყულაბა”? – ამ სათაურით სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, დავით ბაქრაძის გარშემო ატეხილი სკანდალის მიღმა პროკურატურა სულ სხვა საქმეებზე აპირებს გასვლას. ამ საქმეების თემების ჩამონათვალი კი საკმაოდ ვრცელია და კვლავაც „ნაციონალების“ ე.წ. ყულაბის გარშემო ტრიალებს. გამოცემა ინფორმირებული წყაროს ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს თემა კეზერაშვილის მიერ პარტიისთვის დასახმარებლად გადმოგზავნილი თანხის კონტექსტში განიხილება. „მით უმეტეს, რომ მსგავსი ისტორიები უკვე სახეზე ჰქონდა ჩვენს მკითხველს უგულავასა და მისი ქვისლის ბრალის ნაწილში და ცოტა ხნის წინ ბაქოს აეროპორტში განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც უმცირესობის ორი დეპუტატი სწორედ ასეთი წარმომავლობის ფულის გადატანაში წარუმატებლად, მაგრამ მაინც ამხილეს. დავით ბაქრაძესთან დაკავშირებითაც სწორედ ასეთი ეჭვები არსებობს და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ მისი ანგარიშის გაშიფვრის შიშით გადაწყვიტა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თანხის სხვა ანგარიშზე გადატანა“, – წერს სტატიის ავტორი. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ დავით ბაქრაძის მიერ სახლის დასახელებული ღირებულების ადეკვატურობას, ვინაიდან უძრავ ქონებაზე ფასების კატასტროფული ზრდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დაიწყო და 2002 წელს ხსენებული სახლის ფასი 400 ათასი დოლარი ვერ იქნებოდა, როგორც ამას ლერი მეტრეველი აცხადებს და რაც მთავარია, ბაქრაძე ამ არგუმენტებით ვერ ხსნიდა, რატომ არ შეიტანა ეს თანხა დეკლარაციაში.
ამ თემაზე ბაქრაძემ დამატებითი არგუმენტებზე ორიოდე დღის წინ ისაუბრა.
„აქაც ვფიქრობ, რომ მე ზედმიწევნით ვიცავდი კანონს, რომლის მიხედვითაც დეკლარაციაში უნდა შეიტანო თანხა, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს. მე ამ თანხის განკარგვის უფლება არ მაქვს, ეს თანხა არის ჩემი მეუღლის მშობლების საკუთრება, რომლებიც, თავის დროზე, სრულწლოვანების შემდეგ გადაეცემათ მათ შვილიშვილებს, მათ შორის ჩემს შვილებსაც“, – განაცხადა ბაქრაძემ. თუ განკარგვის უფლება არ გაქვს, როგორ ხურავ ანგარიშს? და თუ ანგარიშის დახურვის უფლება გაქვს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ შენ განკარგავ ამ თანხას? აღნიშნულის შესახებ „პრაიმტაიმი“ ექსპერტ კახა კახიშვილს ესაუბრა. – განკარგვა არაფერ შუაშია. დეკლარაციაში მითითებულია გრაფები – ახლო ნათესავების მიერ მიღებული შემოსავალი, სადაც ის ვალდებული იყო, აესახა, რომ სიმამრის სახლის გაყიდვიდან მიიღო მან ეს თანხა. როდესაც პირად ანგარიშზე აქვს კაცს თანხა, მისი განკარგვის უფლება აქვს თუ არა, ამაზე მსჯელობა სასაცილოა. როცა პირად ანგარიშზე გაქვს თანხა, სხვამ ვინ უნდა განკარგოს ის? – იქნებ ეს საბავშვო ანაბარი იყო… – თუკი ის ხურავს ანგარიშს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მას განკარგავს. ამიტომაც იყო, რომ ბანკმა წერილი მას გამოუგზავნა და არა მის სიმამრს, ვინაიდან თანხის მფლობელი ის იყო და არა ვინმე სხვა პირი. მფლობელი და განმკარგველი სხვა რომ ყოფილიყო, სხვას გაუგზავნიდნენ ამ წერილს. – რამდენად ადეკვატურია ასეთ საქმეზე სისხლის სამართლის და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება? – პროკურატურამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს ამ თანხის წარმომავლობა, ვინაიდან არსებობს სხვადასხვა ვერსიები. ეს ვერსიები უნდა გადამოწმდეს. თუ გამოძიება დაადგენს, რომ ბაქრაძის მოქმედებაში შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მოახდენს ამ მოქმედების კვალიფიცირებას, ხოლო თუ დაადგენს, რომ ასეთი ნიშნები არ არის, ჩვეულებრივ შეწყდება ამ საქმის გამოძიება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად სიმამრისგან მიღებული თანხა იყო თუ არა ეს? რატომ და რა ვითარებაში გადასცა მან დავით ბაქრაძეს ეს პირად საკუთრებაში? რატომ არ იყო მის პირად ანგარიშზე არსებული თანხა ასახული დეკლარაციაში? სხვათა შორის, დეკლარაციების თემა ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის შექმნილი სპეციალური სამსახური, რომელიც სისტემატურად შეისწავლის უმაღლესი თანამდებობის პირების დეკლარაციაში ასახულ ქონებას და მათ წარმომავლობას. არსებული კანონმდებლობით ხდება მხოლოდ დავალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ შეივსოს დეკლარაცია. მაგრამ არის თუ არა იქ რეალური ინფორმაცია შეტანილი და სრულად არის თუ არა ის შევსებული, ამას არავინ ამოწმებს. ამაზე მუშაობს მხოლოდ პროკურატურა, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ წარმოიშობა რაიმე ეჭვი. სხვათა შორის, არაერთხელ მივმართე ბიძინა ივანიშვილს, შექმნილიყო ანტიკორუფციული საბჭო, რომლის მუშაობის მიზანიც სწორედ მსგავსი ფაქტების შესწავლა იქნებოდა. ის რომ შექმნილიყო, დამიჯერეთ, ბევრ თანამდებობის პირს შეექმნებოდა პრობლემა. მეტიც, აუცილებლად უნდა მივიღოთ რეგულირება, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირებს ექნებათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არამედ თანამდებობიდან წასვლის 5 წლის განმავლობაშიც, რათა არ აღმოჩნდეს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს პირი „ზეტებით“ ავსებს დეკლარაციას და მერე უცებ წარმატებული, მილიონიანი ბიზნესის მფლობელი ხდება და არავინ ეკითხება მას, საიდან ეს მილიონი? ასეთი შემთხვევა კი მრავლად ვიცით. დაახლოებით იგივე პოზიციას იზიარებს კახა კოჟორიძეც, რომელიც აცხადებს: „საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციის შევსების ვალდებულებას განსაზღვრავს, არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას იმის შესახებ, რომ, თუ თანამდებობის პირს ანგარიშზე თანხა აქვს, მაგრამ მას მისი განკარგვის უფლება არ აქვს, არ მიუთითოს ამის შესახებ დეკლარაციაში. ასეთი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს. შესაბამისად, ეს გარემოება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ისეა, როგორც ამას ბატონი დავითი ამბობს, ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითოს ის თანხა, რაც მის ანგარიშზეა განთავსებული… საქართველოს კანონმდებლობა ადგენს ვალდებულებას, რომ თანამდებობის პირმა შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია და მოცემულ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა ეს ვალდებულება“. აქვე, როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ თემიდან პროკურატურას დავით ბაქრაძის სიმამრის ბიზნესისა და მის მიერ მოგებული ტენდერების საკითხზე სურს გადასვლა. მოგეხსენებათ, რომ ლერი მეტრეველი სააკაშვილის ხელისუფლების დროს ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ. გამოცემის ინფორმაციით, ლერი მეტრეველს 50-პროცენტიანი წილი აქვს სამშენებლო კომპანია „ბელდ ინვესტში“, რომლის შემოსავალი 30 მილიონი ლარია. გამარჯვებულია ორ სახელმწიფო ტენდერში (ტენდერის #SPA110020878 და SPA110012446), რომელთა ჯამური ღირებულება 1 118 181 ლარია. იმავდროულად ლერი მეტრეველი 14-პროცენტიან წილს ფლობს შპს „ჯიშსაშენში“, რომელსაც 2008 წლის 19 ნოემბრის პრივატიზებით საკუთრებაში აქვს დარეგისტრირებული 950 ჰექტარი მიწის ფართობი დმანისის რაიონში. გავრცელებული ინფორმაციით კი, დავით ბაქრაძის ცოლის, მაკა მეტრევლის სახელით დაფუძნებულ კომპანიებს: „ფეშენ გრუპს“, „ზვარეს“, „მოდის ასოციაციას“, მოგება ასიათასობით ლარი ჰქონდა. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, „ბელდინვესტამდე“ ლერი მეტრეველი კიდევ ერთ სამშენებლო კომპანია „ელრიოს“ მფლობელი იყო. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია „ელრიოს“ 50 პროცენტს ლერი მეტრეველი ფლობდა, 45 პროცენტს – რამაზ შალამბერიძე და 5 პროცენტს – დავით ჯაფარიძე. წლების განმავლობაში „ელრიო “, რომელიც გარდაბნის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე იყო დარეგისტრირებული, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს ასრულებდა. მათ შორის, ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, დანადგარების შეკეთებას, ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებულ მომსახურებებსა და სხვადასხვა სამუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები