27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა
იაკობ გოგებაშვილი – მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილი იყო საზოგადო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებაში. მისი პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ისეთი სახელმძღვანელოების შექმნა და გამოცემა, როგორებიცაა „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876).
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია იაკობ გოგებაშვილის კარადა მისი პირადი ბიბლიოთეკით. წიგნებს შორისაა „დედა ენის“ პირველი გამოცემები, მათ შორის ავტორის ხელით ჩასწორებული ეგზემპლარი.
გამოცემები წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის „დედა ენის“ დარბაზში.