მახაშვილი – პარლამენტში გახარიას პარტიის შესვლაზე: შეიცვლება ის, რომ დენის გადასახადი მოიმატებს, რადგან მათთვის ახალი ოთახები გაჩნდება
“გახარიას პარტიამ თავისი პოლიტიკური ნაბიჯები შეცდომად შეაფასა. ამიტომ ერთადერთი, რასაც შეცდომის აღიარების შემდეგ მოსახლეობა ელოდება, ბოდიშია. ბოდიში იმისთვის, რომ მთელი ეს პერიოდი რადიკალური დღის წესრიგით ქვეყანას აჯანჯღარებდნენ და ნორმალური განვითარების შესაძლებლობას არ აცდიდნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის პარლამენტში გახარიას პარტიის შესვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„პარლამენტისთვის რა შეიცვლება? – შეიცვლება ის, რომ დენის გადასახადი მოიმატებს, რადგან მათთვის ახალი ოთახები გაჩნდება. რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით. სერიოზულად, ალბათ, არაფერი. თუ იმ პოლიტიკის გაგრძელებას აპირებენ, რასაც გარეთ აკეთებდნენ, როცა არასერიოზული დღის წესრიგი ჰქონდათ, მაშინ არაფერი შეიცვლება. ვნახოთ, თუ რაიმე სერიოზული წვლილის შეტანას აპირებენ, რაშიც ეჭვი მეპარება. თავის დროზე, მათ მოსახლეობამ შანსი მისცა, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართულიყვნენ და დღის წესრიგში ღირებულება შემოეტანათ. ეს ერთი წელი არ გააკეთეს და ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ერთი წელი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.