საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია მხარეთა შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება. შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროებია: სამხედრო განათლება, წვრთნა და სწავლებები; თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა; ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის” პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა; სამხედრო მედიცინა, კიბერუსაფრთხოება თავდაცვის სფეროში და ა.შ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ციცაგის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედება უვადოა, რომლის შეწყვეტა, სურვილის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით იქნება შესაძლებელი. კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება განიხილეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს 1998 წლის 11 მაისის ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე გერმანიის მიერ საქართველოსთვის 3 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა საქართველოში” დასაფინანსებლად.
პროექტს განახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომლის ფარგლებში შერჩეულია 8 მუნიციპალიტეტი, რომელთაც სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაში დაეხმარებიან.
შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები განისაზღვრება დაფინანსების ხელშეკრულებებში, რომელიც დაიდება GIZ-სა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს შესაბამისი პროექტების განხორციელებას. კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებებში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რაც ითვალისწინებს დოკუმენტებში საბაზისო საპროცენტო განაკვეთების ტერმინების განახლებასა და ჩანაცვლებას. სხდომაზე განხილულ ექვს ხელშეკრულებაში საპროცენტო განაკვეთი (LIBOR) ჩანაცვლდება ურისკო ერთდღიანი განაკვეთით (SOFR), რომლის ადმინისტრირებასაც ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი მოახდენს, ხოლო ევროზონის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (EURIBOR) ჩაანაცვლებს განაკვეთი, რომელიც რეკომენდირებული იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ შექმნილი ევროს ურისკო განაკვეთების სამუშაო ჯგუფის, ფინანსური სერვისებისა და ბაზრების ორგანოს, ევროპული ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანოს და ევროკომისიის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ. კომიტეტის წევრებმა, სხდომაზე განხილული დოკუმენტების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს.