ნინო წილოსანი: დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამ და აფხაზეთის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ, რადიკალურ ოპოზიციასთან კიდევ უფრო ღრმა, იდეოლოგიური ხრამი გვაშორებს

გასულ კვირას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამ და აფხაზეთის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენ, რადიკალურ ოპოზიციასთან კიდევ უფრო ღრმა, იდეოლოგიური ხრამი გვაშორებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„26 მაისს დავინახეთ რამდენად აგრესია აქვთ ცალკე მდგომ საქართველოს დროშასთან რადიკალურ ოპოზიციას. ევროკავშირის დროშა იქნება თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის სიმბოლიკა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მისაღებია, თუმცა ის, რომ საკუთარი ქვეყნის დროშის მიმართ გაქვს ასეთი აგრესია, აპრიორი ძალიან ნათლად გვაჩვენებს მათ დამოკიდებულებას.

ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული თემა, რომელიც არ უნდა გავატაროთ, რომლის გაჟღერებაც ფადი ასლის პირით დაიწყეს, რადგან ამას ვერავინ გაბედავდა ეს რომ ეხსენებინა, რომ თითქოს ალტერნატივად დგას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ან ევროკავშირი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა აფიქრებინებს მას, რომ ეს განცხადება არის რადიკალური ოპოზიციის ნარატივი, ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ ფადი ასლი არის რადიკალური ოპოზიციის „რუპორი“ და ყველა ასეთ განცხადებას ის აჟღერებს.

„ფადი ასლი არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და მათი პროპაგანდისტი. ამ ყველაფერზე დუმილიც კი ნიშნავს რომ ისინი (რადიკალური ოპოზიცია) ამ ყველაფერს ეთანხმებიან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები