„ეს არის ერთგვარი შურისძიება“ – ირაკლი ქადაგიშვილი ზელენსკის განცხადებაზე

„განცხადება არის გამიზნულად გაკეთებული, ერთგვარი შურისძიება – მიზანია, რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს და გამწვავდეს შიდა ვითარება, რომ საქართველო ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთთან ურთიერთობაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

“ზელენსკის ჰქონდა თავიდანვე არასწორი წარმოდგენა და ხედვა და დარწმუნებულო ვარ, ეს განპირობებული იყო მიხეილ სააკაშვილის და იქ სხვა ქართველების, თუ ძალების რწმუნებით, რომ საქართველო თუ მოხდებოდა საომარი მოქმედებები, აუცილებლად იქნებოდა აქტიური ამ პროცესში. როცა მან ეს ვერ დაინახა და გასაგებია, რომ ვერ და არ იქნებოდა ასე, მან „დემარშები“ განახორციელა. ახლაც მე მგონია, რომ სწორედ ამ დემარშის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. ალბათ, მძიმე შეფასება შეიძლება ჩვენი მხრიდან ამას მიეცეს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ მაინც ანგარიშს ვუწევთ უკრაინელებს იმ მძიმე ომის გამო, რომელშიც არიან.

ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება, ერთგვარი შურისძიება არის ამ მიზეზებიდან გამომდინარე და სწორედ რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი ახლოვდება, ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა, ეს არის და ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას ან მეორე მხრივ ის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან.

მიზანი ერთი არის ის, რომ უნდა რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიცემის წინ და მეორე რამენაირად გაამწვავოს შიდა ვითარება ასეთი განცხადებების ფონზე, რომ საქართველო ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთთან ურთიერთობაში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.
„ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები