ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბიორნ სოდერს შეხვდა, რომელიც იმავდროულად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელია.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს. ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე, გატარებულ რეფორმებზე და მიღწეულ პროგრესზე მიაწოდა ინფორმაცია.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ შვედეთის ყველა პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციასა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი გავლენა საქართველოსა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსა და შვედეთის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა.