კულტურის პოლიტიკის ესტონელი ექსპერტები მიხეილ გიორგაძეს შეხვდებიან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დღეს კულტურის პოლიტიკის ესტონელ ექსპერტ რაგნარ სიილს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ოლივერ რაისნერსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელს ლუჩიანო გლორის შეხვდებიან. მხარეები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების სტრატეგიულ გეგმას განიხილავენ.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს კულტურის პოლიტიკის შემუშავების სწორად წარმართვას. ევროპელი ექსპერტები 1-ელ და 2 სექტემბერს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს – მათ შორის საგანმანთლებლო სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდებიან.
კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში უკვე ჩაერთო რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია და საგანმანთლებლო დაწესებულება. კულტურის სამინისტროში აღნიშნულ ჯგუფებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებზე მუშაობას განაგრძობს და მთელი წლის განმავლობაში ამ პროცესში საზოგადოების ყველა სეგმენტი ჩაერთვება.