განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებაზე იმსჯელა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც დეპუტატებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა გააცნო.
მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაუქმდება ასაკობრივი შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალის არჩევის/დანიშვნის თვალსაზრისით, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. თამარ მახარაშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, შესაძლებლობა მიეცემათ, გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.
როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეებისათვის 2025- 2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ, მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად განსაზღვრონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური. მისი თქმით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედება არ შეწყდება 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს და გაგრძელდება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.