„ვხედავ მწვერვალს, სადაც „მელანის“ დროშა ფრიალებს“ – ჟურნალისტი და თვითნასწავლი ხელოვანი, რომელმაც ხელოვნების გვერდს დედის სახელი უწოდა

პროფესიით ჟურნალისტია, მუშაობდა ტელევიზიებშიც, მაგრამ როდესაც დაოჯახდა  და პატარა შეეძინა, სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრების  რიტმი და  სტილი…  ოჯახში ყველა მუშაობდა და პატარასთან მარტო დარჩენილი უმკლავდებოდა სირთულეებს. მაშინ დაიწყო ხელნაკეთი აქსესუარების  დამზადებაც.
ბუნებრივი მინერალური ქვებით და უჟანგავი მასალით ამზადებს: ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს, თმის აქსესუარებს. აქვს ხელოვნების გვერდი „მელანი“…
„კმაყოფილი მომხმარებლები, სამადლობელი წერილები, დედოფლები, ოპერისა და ბალეტის მომღერლები, მოცეკვავეები, ჩემი ემიგრანტები, თითქმის მსოფლიოს ყველა  ქვეყანაში ჩავიდა ჩემი ხელით დამზადებული აქსესუარები“…

ამბობს, რომ ბევრჯერ გაუთენებია და რაიმე ახალი შეუქმნია. „დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის“. – ჟურნალისტისა და დიზაინერის, ლიკა გაბადაძის პერსონა.

– ჩემი ბავშვობა საუკეთესო  იყო და ვისურვებდი, ყველა ბავშვს  ჰქონდეს  ასეთი, დედა, მამა, მე და ჩემი ძმა ძველ თბილისში  ერთ უთბილეს სახლში ვცხოვრობდით, სადაც გამუდმებით სიყვარული სუფევდა, მე და ჩემი ძმა დედამ ერთად შეგვიყვანა ბაღში, სკოლაში და მას მერე ასე მოვდივართ ხელიხელჩაკიდებულები, უამრავ წრეზე დავდიოდით და  ძალიან მონდომებულები ვიყავით. პირველად 5 წლის  ვიყავი, ფილარმონიაში რომ ვიმღერე. მას მერე დაიწყო ჩემი სიყვარული სცენისადმი, დედამ დათმო კარიერა ჩვენ გამო, რომ მიგვეღწია ბევრი წარმატებისთვის და ამიტომ ძალიან ვაფასებ….
–  ბავშვობა და ხატვა…
–  დედა დიზაინერი მყავს, სასწაული ხედვა აქვს და  თავისი საქმის პროფესიონალია, სამწუხაროდ, უკვე 15 წელია, ემიგრაციაშია და  ეს  საქმე მისთვის  უკანა პლანზე გადავიდა ავტომატურად,  ხატვით დედა და ჩემი ბიძა – ვანო ხატავდნენ  და ამ ყველაფერს  ვაკვირდებოდი, იმასაც კი ვიმახსოვრებდი, ფანქრით რა მიმართულებით აფერადებდნენ.
ვხატავდი მეც.  სხვადასხვა კონკურსის სიგელებიც მაქვს, 6 წლის ასაკში სამხატვრო აკადემიაშიც კი ჩავაბარე… გამოცდის თემა  იყო – „ჩემი სოფელი“,   თავი ძალიან კარგად გავართვი, მაგრამ რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ხატვაზე სიარული აღარ მინდოდა.
– ჟურნალისტობა  გადაწყვიტეთ. რატომ?
– ძალიან მომწონს ეს პროფესია  და ახლაც თავიდან რომ ვიწყებდე ყველაფერს, ისევ ჟურნალისტობას ავირჩევდი…. ჯერ კიდევ სკოლაში ვწერდი ინტერვიუებს და მომწონდა. ვფიქრობ, ამ პროფესიაში რაიმე განსხვავებული ხედვა  მჭირდება  და  კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი…
– დაოჯახების შემდეგ შეიცვალა თქვენი ცხოვრება… დაიწყეთ ხელნაკეთების დამზადება…
– მე და ჩემი მეუღლე  რომა ტაბიძე ჯგუფელები ვიყავით.  წარმოიდგინეთ, ჟურნალისტების ოჯახი, ყოველთვის ძალიან ვაფასებდით ერთმანეთს, უნივერსიტეტის დამთავრების  შემდეგ საუკეთესო  არჩევანი გავაკეთეთ, დავოჯახდით.  გვქონდა ზღაპრული ქორწილი, შემდეგ გვეყოლა უსაყვარლესი – თომა, თომას დაბადებამ კიდევ უფრო სხვა ფერებში  დაგვანახვა სამყარო.
დრო გადიოდა… ჩემი მეუღლე მუშაობდა და გვიან ბრუნდებოდა სახლში, მე და თომას გვიწევდა მთელი დღის ერთად გატარება, ვებრძოდი ჩემს თავს, ხან  ვერც ვიძინებდი, სად იყო  ჩემი ადგილი, ტელევიზია და  ასეთი სამსახურები ბავშვთან ერთად აღარ გამოდიოდა.  ამიტომ ერთ დღესაც  დავჯექი და პატარა თმის აქსესუარის მონახაზი გავაკეთე – ახლა ძალიან მეცინება,  რომ ვიხსენებ იმ დიზაინს… გვერდით მედგნენ: დედა, ძმა, მეუღლე, ჩემი უსაყვარლესი დედამთილი, ბებიები… მამხნევებდნენ და არ ვჩერდებოდი….
– მინერალური ქვებით და უჟანგავი მასალით ამზადებთ: ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს, თმის აქსესუარებს… როგორ მზადდება თითოეული სამკაული?
– როცა თომა იძინებს  ან ბაღშია, მაშინ იწყება უმეტესად… პირველ რიგში, ჩემს  ხასიათი მიყვარს, რომ მომხმარებლებს შაბლონური ტექსტებით არ ვესაუბრები. შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ვაძლევ რჩევებს, ბევრს ვჩუქნი კიდეც, რომ გავახარო, ყველაფერს ყოველთვის ვამზადებ დიდი  სიყვარულით, მთელი გულით და სულით. სულ ვფიქრობ, აი, მე რომ მის ადგილას ვიყო, როგორი მომეწონებოდა? ბევრჯერ დამიშლია  თუნდაც დიადემა – პატარა შეუმჩნეველი დეტალის გამოც, თუ სისწორე და სიმეტრია არ არის დაცული, ვერ ვიტან (დედაჩემია ასეთი).
– რომელ ბუნებრივ ქვებს იყენებთ და რომელი ქვა გიყვართ და ატარებთ თავად?
– ამეთვისტო, აქატი, ლაზურიტი, ავანტურინი, მალაქიტი, კვარცი, გიშერი და  მდინარის მარგალიტი,  ფირუზი, ტოპაზი, მე მიყვარს ვარდისფერი აქატის ყელსაბამი – L ინიციალით, რომელსაც ხშირად ვატარებ.
– გაქვთ თქვენი ხელოვნების გვერდი: „Melanie • მელანი“. როგორც  მოგწონთ თქვენი თავი ახალ ამპლუაში – დიზაინერის?
– მახსოვს, რომ ვიწყებდი და ბრენდის სახელი გავაჟღერე,  ყველას ეგონა, რომ საკანცელარიო მაღაზიას ვხსნიდი.  „მელანია“ ჰქვია დედას, რომელსაც არავინ  ეძახის და სხვა სახელს ეძახიან. სულ ვფიქრობდი, ასეთი ლამაზი სახელი არ დაკარგულიყო და დავარქვი „მელანი“…
მომწონს ჩემი თავი ამ სფეროში. ვფიქრობ, ძალიან მიყვარს… ბევრჯერ გამითენებია და რაიმე ახალი შემიქმნია. დიდი შრომაა საჭირო, მაგრამ საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ თვალის წვეთები მიდევს გვერდით..
–   როგორ უნდა შეინარჩუნოს ხელოვანმა  საკუთარი ხელწერა, რომ არ ჰგავდეს სხვას?
– ზუსტად  ეს არის ჩემი ნიშა საკუთარ თავშიც და ბრენდშიც, ბავშვობიდან ორიენტირებული ვარ, რომ შევქმნა რაიმე განსხვავებული. მოდი, მე რამე ორიგინალურს დავხატავ, გამოვჭრი,  ჩავიცვამ და  ასე…
მამა მეუბნებოდა: „შექმენი ამინდი საკუთარი თავის გარშემო”! „მელანიც“ სწორედ ასეთი ამინდია –  კმაყოფილი მომხმარებლები, სამადლობელი წერილები, დედოფლები, ოპერისა და ბალეტის მომღერლები, მოცეკვავეები, ჩემი ემიგრანტები, თითქმის მსოფლიოს ყველა  ქვეყანაში ჩავიდა ჩემი ხელით დამზადებული აქსესუარები…
არასოდეს არავის ვბაძავ, მივყვები ჩემს ფიქრებს, იმ ფერთა გამას და სისწორეს, რაც ჩემშია… ჩემი დიზაინი ჩემია და ვერავინ მიუახლოვდება. ასე მგონია, პირადი გემოვნებაა…
–  იპოვეთ თქვენი მოწოდება?
– ვიპოვე ნამდვილად, ახლა  უფრო  მყარად ვარ, ვიდრე  აქამდე. ყველაზე მეტად „მელანის“ დაარსების შემდეგ  მომეცა საკუთარი თავის იმედი. თურმე რამდენი რამ არის ჩემს  ხელთ!
–  როგორ ახერხებთ, ოჯახის საქმეებს შეუთავსოთ ხელსაქმეც?
– გარდა ამ ყველაფრისა, ვცეკვავ სუხიშვილების სტუდიაში, ვვარჯიშობ, ხშირად მივდივარ ბებიასთან და ყველაფერს ისე ვანაწილებ, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს არ მოვაკლო ყურადღება, ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება ყველაფერში, მაგალითად, მელანის სასაჩუქრე  შეფუთვას  საბერძნეთიდან მიგზავნის დედა, სოცმედიაში ჩემი ძმა  და მეუღლე აქტიურად არიან ჩართულები, რომ  გვქონდეს დახვეწილი ფეისბუქგვერდი.  ხანდახან კურიერობაც შეუთავსებიათ….
დღესდღეობით, ვთანამშრომლობ საკურიერო კომპანიასთან, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი… შეიძლება ძალიან დაღლილი ვიყო,  მაგრამ თომასთან ერთად ბლინებს ვაცხობდე… ხანდახან მეც მიკვირს, როგორ  ვახერხებ, მაგრამ მიხარია ეს ფაქტი.
– რომელიმე ნივთის დამზადების საინტერესო ისტორია…
– ერთი დატვირთული დღე მქონდა, ღამის 2 საათზე დავწექი და მივიღე შეტყობინება გოგონასგან – ღელავდა, რომ დაავიწყდა  ყველაზე მნიშვნელოვან დღეს აქსესუარის ყიდვა, დილის 7 საათზე  სალონში იყო ჩაწერილი და, რა თქმა უნდა, მეც დავეხმარე, გავათენე და ის დღე გავულამაზე. სულ ვფიქრობდი, მე რომ ვყოფილიყავი, როგორ გამაბედნიერებდა ეს მომენტი…
– სამომავლო გეგმები…
– აუცილებლად დავგეგმავ მასტერკლასებს და დავეხმარები ყველა იმ ქალბატონს, ვინც სახლიდან ვერ ახერხებს  გასვლას სხვადასხვა მიზეზის გამო, გავუზიარებ ჩემს ცოდნას, ხედვას, აუცილებლად დავეხმარები ბევრ გაჭირვებულს, კიდევ უფრო მეტ გათამაშებას გამოვაქვეყნებ… დიდი გეგმები მაქვს და ვხედავ მწვერვალს, სადაც „მელანის“ დროშა ფრიალებს.
თუ თქვენ სხვადასხვა ხელსაქმის ნიჭი გაქვთ, აუცილებლად გადადგით ნაბიჯი. ბევრი სირთულის მიუხედავად,  დღეს წარმატებული იმიტომ ვარ, რომ არ დავნებდი. წინ, მეგობრებო, იცოდეთ, რომ მიუღწევადი არაფერია! დიდი მადლობა ყველა ჩემს გამომწერს და მომხმარებელს.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები