ლევან იოსელიანი: ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დაკავებული ადამიანები მოინახულეს.
„სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პირველივე წუთიდან ჩართულები არიან ამ პროცესში, ჩემი ინფორმაციით 17-მდე ადამიანი არის დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ. ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული“, – აღნიშნა იოსელიანმა.
ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ. სასტუმროსთან, გუშინ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. ყველა პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.