“სჯობს, ნიკა მელიამ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა გადალახოს” – ლევან ბეჟაშვილი
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ვიცესპიკერის პოსტზე მის კანდიდატობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.
„პროცედურულად წარდგენილია, მაგრამ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამტკიცებს. ეს განცხადებები კობახიძემაც დაადასტურა გუშინ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელშიც მელია ამბობს: „შორს ვარ აზრისგან, რომ ვიცესპიკერობა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო არენაზე წაადგება, განსაკუთრებით, თუ საუბარია ბეჟაშვილზე. ის არ გამოირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციით“.
„უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან მთელ რიგ საკითხებში. გუშინდელი კობახიძისა და მელიას განცხადებები ასევე უნისონში და თანხვედრაშია. ეს სამწუხარო რეალობაა და დასკვნის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, წევრს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა და ფსიქოლოგიური ფაქტორები, კონცენტრაცია მოახდინონ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის მთავარი ბოროტების, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. სჯობს, ამ ადამიანმა არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა გადალახოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.