აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ თერთმეტი ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანები, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული თერთმეტი ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჩამოსვენებული 11 ადამიანიდან, 9_სამოქალაქო, ხოლო 2-იაგო ბზიკაძე და გულვერ გაგუა სამხედრო პირი გახლავთ.
იაგო ბენიას-ძე ბზიკაძე 1971 წლის 22 თებერვალს, წყალტუბოს რაიონში დაიბადა. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების (ამჟამად თავდაცვის ძალები) 21-ე მექანიზებულ ბრიგადაში. 1993 წლის 24 სექტემბერს, სოხუმში, ახალ რაიონში, ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა და მას შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
გულვერ არჩილის-ძე გაგუა დაიბადა 1947 წლის 27 აპრილს, გულრიფშის რაიონის სოფელ პირველ ვარჩეში. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ირიცხებოდა 23-ე მექანიზებული ბრიგადის V მოტომსროლელი ბატალიონის I ასეულის რიგებში. 1993 წლის 29 სექტემბერს, გულვერ გაგუა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოჯიბინეში, აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკებისას დაიღუპა. მისი ცხედარი ბრძოლის ველზე იქნა დაკრძალული.
იაგო ბზიკაძეს და გულვერ გაგუას, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული ორივე მებრძოლი, სამხედრო პატივით დაიკრძალება.
აღსანიშნავია, რომ 1992-93წწ. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი ადამიანის ნეშტის მოძიება, ამოცნობა და ოჯახებისთვის გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით განხორციელდა.
ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის -ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით.
ინფორმაციისთვის, 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერაც ითვლება 1719 ადამიანი. 2013 წლიდან, მოძიებულია 661 ადამიანის ნეშტი, აქედან 319 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
საკოორდინაციო მექანიზმი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის -ICRC-ის მხარდაჭერით, კვლავაც განაგრძობს მუშაობას, რათა გაარკვიოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სხვა ადამიანების ხვედრი.