გიტანას ნაუსედა: თუ წინაპირობები დაკმაყოფილდება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს დავუჭერ

მხარს დავუჭერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა დააჩქაროს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

„საქართველო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ველოდები საქართველოს წარმომადგენლებს ამ შეხვედრაზე. სამიტზე არაერთ თემაზე გვექნება დისკუსიები და დიდი იმედი მაქვს მივალთ შედეგამდე, რადგან მართლაც იშვიათი შემთხვევაა ასეთი შეხვედრა.

მე დავუჭერ მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები – რეფორმების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. საქართველომ მეტი ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ევროპული თანამეგობრობის წევრი. გვჭირდება დინამიკა. ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმითაა აღსავსე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. თქვენ უნდა დააჩქაროთ ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მე მიყვარს საქართველო“, – განაცხადა ნაუსედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები