„ტავ ჯორჯია“: გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიას 1-ელ მაისს მიმართა, შესაბამისად, სამსახურის დატოვება კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე, განცხადებით ეხმაურება.
„იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებულნი ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.