მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა

მსხვერპლთა და მოწმეთა უსაფრთხოებისთვის დაცვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოტენციურ მსხვერპლს აქვს მოსალოდნელი საფრთხის განცდა, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი შეიძლება მოექცნენ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაცვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა.

აღნიშნული პროგრამა მსხვერპლისათვის პირადი დაცვის დანიშვნას, განგაშზე გამოძახებას, საცხოვრებელი ადგილის დროებით შეცვლას ან მის მიმართ უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენებას ითვალისწინებს.

ყველა სისხლის სამართლის საქმეში, სადაც პოტენციურ მსხვერპლს აქვს მოსალოდნელი საფრთხის განცდა, რომ ის ან მისი ოჯახის წევრი შეიძლება მოექცნენ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მათ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისათვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი ენდობოდეს საგამოძიებო ორგანოს და არ ქონდეს შიშის განცდა, რომ მას საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისა და სამართალდამცავის მხილების შემთხვევაში, რაიმე სახის საფრთხე დაემუქრება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და რეალური საფრთხის არსებობისას უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტი პრაქტიკაში უკვე აქტიურად გამოიყენება. ყველა პოტენციურ მსხვერპლს მიეწოდება ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის არსებობისა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაცვის სპეციალური ღონისძიებების ამოქმედების შესაძლებლობის თაობაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები