ყველაზე შიშისმომგვრელი ეკლესია მსოფლიოში

ბნელი შენობა, გვერდით – ჭრიალა იატაკი, სიცივე… შედიხართ შიგნით და ხედავთ მოჩვენებებს – სიბნელეში მოციმციმე თეთრ ფიგურებს, რომლებმაც მთელი სივრცე შეავსეს ეკლესიის შესასვლელიდან საკურთხევლამდე. ისინი სკამებზე სხედან, შესასვლელთან დგანან და სახეების ნაცვლად, გგონია, შავ უფსკრულს უყურებ. ეკლესიაში სიჩუმეა, მაგრამ ეს სიჩუმე ძალიან ხმაურობს.

1352 წელს აშენებული წმინდა გიორგის სახელობის კათოლიკური ეკლესია ჩეხეთის სოფელ ლუკოვოში თანდათან ინგრევა.

მისი დაცარიელების მიზეზი სახურავის ჩამონგრევა გახდა, რაც ერთ-ერთი დაკრძალვის ცერემონიის დროს მოხდა. სახურავის აღსადგენად თანხა არ გამოჰყვეს, ხოლო ადგილობრივებმა მართლა დაიჯერეს, რომ ეს წმინდა ადგილი დაწყევლილია. მას შემდეგ ცოტა ვინმე თუ შედის შიგნით.

ძველ ისტორიულ ნაგებობაზე ყურადღების მიქცევის მცდელობის მიზნით, ადგილობრივმა ხელოვანმა, იაკუბ ჰადრავმა ნანგრევები ხელოვნების ობიექტად აქცია. ახლა ჩუმი, უმოძრაო თეთრი სილუეტები სხედან მრევლის სკამებზე.

ფიგურები ასახიერებენ გერმანელების აჩრდილებს, რომლებიც იმ სოფელში მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდნენ და ყოველ კვირას მიდიოდნენ მსახურებაზე. ამ ნამუშევრით, ხელოვანი ეცადა, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ამ ადგილს ისტორია აქვს, რომელმაც ხალხზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

„სულები“ ხალხს აშინებენ და ამავდროულად, დიდ ყურადღებას იმსახურებენ.

მათი წყალობით, კათოლიკური ეკლესია არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის გახდა საინტერესო, არამედ – ტურისტებისთვისაც. ექსკურსიების წყალობით მიღებული თანხით, ეკლესიის შეკეთება სურთ. ჯერჯერობით არავინ იცის, დარჩებიან თუ არა ეს „სულები“ ეკლესიაში მისი აღდგენის შემდეგ თუ სამუდამოდ გაქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები