“მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება – გართულებები მოსალოდნელია, თუ ისევ გაგრძელდება უარის თქმა მკურნალობაზე და შერჩევით მოხდება საკვების მიღება” – ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, პერიოდულად წონასწორობის დაკარგვა აღენიშნება და არ არის გასაკვირი, რომ ეს სამომავლოდაც გაგრძელდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს და საკმარისი რაოდენობის კალორაჟს არ იღებს.

“რაც შეეხება პაციენტს, რა თქმა უნდა, ზოგადი სისუსტე აქვს, თავბრუსხვევის შეგრძნება, პერიოდულად წონასწორობის დაკარგვა და ეს არ არის გასაკვირი, ამას ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და თუ ასე გაგრძელდება, კიდევ მოსალოდნელია, რომ განმეორდეს, რადგან არ ხდება საკვების სრულფასოვნად მიღება. ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩავუტაროთ სრულფასოვანი მკურნალობა იმიტომ, რომ პაციენტი შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებებზე უარს აცხადებს. ამაზე არაერთხელ განაცხადა ექიმმა, მორიგე ექიმმა და ყველამ, რომ უარს ამბობს სამკურნალო დანიშნულების შესრულებაზე. ასევე, კვების რაციონი – არაერთხელ გვქონდა საუბარი მასთან, ოჯახის წევრებთანაც, რომ მოტანილი საკვების რაციონი გაფართოებულიყო, მომატებულიყო კალორაჟი, მაგრამ არაფერი იცვლება, კალორაჟის შემცველობის მინიმალური რაოდენობაა დაახლოებით, 400 კილო კალორია, რომელიც ძალიან მცირე და არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას აქვს ზოგადი სისუსტე, რა თქმა უნდა, ექნება წონასწორობის დაკარგვის მომენტებიც და ეს მოსალოდნელიც იყო“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები