HACCP სტანდარტებზე სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში შეხვედრებს მართავს
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვის პრინციპების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სეს ავრცელებს.
„სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში ბიზნესოპერატორებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს HACCP-ის სტანდარტის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისიდან სურსათის მწარმოებელი ყველა ობიექტისთვის სავალდებულო ხდება.
„საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) დანერგვა საშუალებას იძლევა, წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და, შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიეწოდოს“,- აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პაატა ქურდაძემ.
HACCP-ის სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2015 წლიდან HACCP სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამმუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის;2019 წლიდან – ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის; 2021 წლის იანვრიდან – ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამმუშავებლებისთვის; 2021 წლის ივნისიდან – სურსათის წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.
საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა – HACCP ინერგება მას შემდეგ, რაც ბიზნესოპერატორი დააკმაყოფილებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკის მოთხოვნებს და განახორციელებს წინასწარ აუცილებელ პროგრამებს (GMP და GHP)“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.