ზაზა რუხაძე – გიორგი ამილახვარზე: დავინახე მენეჯერული და პოლიტიკური ლიდერობის სინთეზი, თანამშრომლობითი მიდგომები, ტრანსფორმაციულობა, მოტივირებულობა

სამართლის დოქტორი, პროფესორი ზაზა რუხაძე განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს ვრცელ პოსტს უძღვნის.

როგორც პროფესორი აღნიშნავს, განათლების მინისტრთან რამდენიმე დღის წინ გამართულმა შეხვედრამ აღნიშნული ფეისბუქპოსტის დაწერისკენ უბიძგა.

ზაზა რუხაძე წერს, რომ გიორგი ამილახვარში, სხვა ბევრ თვისებასთან ერთად, მენეჯერული და პოლიტიკური ლიდერობის სინთეზი, თანამშრომლობითი მიდგომები, ტრანსფორმაციულობა, მოტივირებულობა დაინახა.

“თუ ჩემს პოსტებს დააკვირდება ადამიანი, ადვილად მიხვდება, რომ მე არ გამოვირჩევი ამ თვალსაზრისით აქტიურობით, პირიქით.

მაგრამ დღეს გადავწყვიტე, დამეწერა ამ ქრონოლოგიის ხაზგასმით. ვწერ, როგორც მოქალაქე, ერთ-ერთი პროფესორი და უსდ ერთ-ერთი წარმომადგენელი.
რამდენიმე დღის უკან, განათლების და მეცნიერების მინისტრმა აღადგინა რექტორთა კონფერენციის ფორმატი. ეს უკვე თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამას არ უბიძგია ჩემთვის, დამეწერა რამე.

ბევრ მინისტრს შევხვედრივარ ბევრნაირ ფორმატში, ჯგუფურიდან პირად შეხვედრებამდე. არასოდეს არ გამჩენია სურვილი არც მნიშვნელობიდან, არც ეთიკიდან, არც სხვა რამე გარემოებიდან გამომდინარე რამე დამეწერა. არც არავინ შემიქია, არც არავინ მიძაგებია, არ არის ეს ჩემი საქმე.

აბა, რატომ ვწერ? ყოველთვის იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, განათლება, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მომავლის ბედის საქმეში. ამ უსაშველოდ დაჩქარებულ სამყაროში, შემოთავაზებული დინამიკა პირდაპირ გვეუბნება – მერე რა, რომ ინტელექტუალური რესურსია თქვენი მთავარი რესურსი, მე ვერ დაგელოდები არათუ გლობალურ, არა, ვერც რეგიონალურ და ვერც ლოკალურ კონტექსტებშიო. ეს შიში სულ დამყვება, და ბოლოს, კიდევ უფრო გამიმძაფრდა რადგან მეზობელ სახელმწიფოში (აზერბაიჯანში) პერიოდულად, როგორც გაუ-ს პროფესორი რამდენიმე სახის საერთაშორისო პროექტს ვახორციელებ იქაური კოლეგების თხოვნით. შესაბამისად კარგად ვიცი როგორია პოლიტიკა იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ინტელექტუალური რესურსი, განათლების, კონკრეტულად უმაღლესი განათლების სისტემა მათი სახელმწიფოს და საზოგადოების გლობალური და რეგიონალური გეოპოლიტიკური მიზნებისათვის, უბრალოდ მისი ლიდერული პოზიციებისთვის ამ მასშტაბებში. ამ ფიქრების პრიზმაში რა დამანახა ბატონ ამილახვართან შეხვედრამ ამ ორიოდე დღის უკან.

– თუ ქვეყნის რესურსებს გადავხედავთ მომავლის კონტექსტში, ინტელექტუალური რესურსების ჩათვლით, მაშინ ცხადია, რომ განათლების მართვა არ არის ოდენ განათლების ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის, ან დარგის მართვის პროცესი, ეს არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსის სწორად, დროში და სივრცეში ზუსტი გათვლებით, წარმატებული გამოყენების საკითხი, იმისთვის თუ როგორ იპოზიციონირებს ქართული სახელმწიფო ამ სივრცეში და როგორი პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მას და მასთან სამართლებრივ პოლიტიკურ კავშირში მყოფ მოქალაქეს ამ პოზიციონირებაში. შესაბამისად, შეხვედრამ კარგად დამანახა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ნათლად შეიმჩნევა დღეს მთელს მსოფლიოში, ესაა კონკრეტულად განათლების მინისტრების პოლიტიკური და ლიდერული და მენეჯერული შესაძლებლობების და უნარების სინთეზი.

– მნიშვნელობის იმ კონტექსტში რაც ზემოთ ვთქვი, დღევანდელ სამყაროში ვერ არსებობს წარმატებული განათლების მინისტრი (მით უმეტეს ჩვენნაირი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში), თუ მას არა აქვს მყარი ელექტორალური საყრდენი, პოლიტიკური წონა და შესაბამისი მხარდაჭერა. ამ მხრივ ეს შეხვედრა საკმაოდ იმედიანად მეჩვენა.

– ძალზე მნიშვნელოვანი იყო აქცენტები რომელიც გაკეთდა. აქცენტებს არ ჩამოვთვლი ეს ინფორმაციულად ადვილად მისაწვდომი იქნება ისედაც. უბრალოდ მნიშვნელობის თვალსაზრისით განვაზოგადებ და ვიტყვი, რომ ყველა აქცენტი ორი თვალსაზრისით მეჩვენა ხაზგასასმელად. პირველი, რომ ისინი არსებითად მნიშვნელოვანია, ზოგიერთი მეტად პრობლემური, შესაბამისად, საჭიროებენ დარეგულირებას კონკრეტულად ქართული სინამდვილის კონტექსტში და მის სასარგებლოდ. მეორე რიგი პრობლემებისა ტრენდული და გლობალურია და შესაბამისად, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ დღეს ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის, მათი წარმატებებისათვის სრულიად სხვადასხვა სფეროში, გლობალური თვალსაზრისით.

– აღნიშნულმა კარგად წარმოაჩინა დარგის ხელმძღვანელის ის მხარე, რაზეც დღეს მსოფლიო მასშტაბით ბევრი კვლევა ასკვნის, რომ განათლების მინისტრების წარმატების მნიშვნელოვანი საზომი და პირობაა დარგის კარგად, შიგნიდან ცოდნა. რა თქმა უნდა, ამით არაფერს ორიგინალურს არ ვამბობ და ვერც ვიტყვი, უბრალოდ, ხაზი იმას მინდა, გავუსვა, რომ უნივერსიტეტი ზოგადად რთული, კონსერვატორული, პრინციპებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუციაა და თუ მას კარგად არ იცნობ დარგის, უმაღლესი განათლების წარმატებაზე, სახელმწიფოს მიერ სწორ პოზიციასა და ეფექტურ მხარდაჭერაზე საუბარიც ზედმეტია. საუბრის მთელი შინაარსი ამის გარანტიად მეჩვენა მხოლოდ, რადგან კარგად ჩანდა დარგში დაგროვებული ცოდნა და სოციალური კაპიტალი, რაც უკვე ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია თავად საქმეში.

– შეხვედრის ფორმატმა და მიმართებებმა, დღეს ყველა, და მათ შორის, განათლების სფეროში სოციალური კაპიტალის მნიშვნელობა კარგად წამოსწია წინა პლანზე. როცა განათლების მინისტრებს აქვთ შესაბამისი სოციალური კაპიტალი, როგორც დღევანდელ მსოფლიოში ავტორიტეტული ექსპერტული და საუნივერსიტეტო დასკვნები ამტკიცებენ, შეუძლია მოიტანოს სიმშვიდე, კომპრომისი, თანამშრომლობა და განვითარება. უნივერსიტეტი უნდა იყოს ზოგადად კრიტიკული, ღირებულებაზე, ფაქტზე და არგუმენტზე დამყარებული, სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ არ არის უნივერსიტეტი. ასეთ ვითარებაში მინისტრის სოციალური კაპიტალი არსებითია, რადგან ამ კაპიტალის პირობებში თანამშრომლობას შეუძლია დაამშვიდოს ყველაზე კრიტიკულად განწყობილი პროფესორიც კი თუ ის საქმეზეა ორიენტირებული. თუმცა ეს შეიძლება ბანალურად ჟღერდეს და ამას არც გავუოცებივარ, აქ მთავარი დეტალი, ჩემი დაკვირვებით, იყო უმაღლესი განათლების აქცენტების და პრიორიტეტების ისე წარმოჩენა და დისკუსირება, რამაც შექმნა სფეროში რადიკალურად განსხვავებული წარმომადგენლების კეთილგანწყობა და იმედიანი მოლოდინი. აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ ვიტყვი, რომ ამას ორი მნიშვნელობა გააჩნია და ჩემი აზრით, ორივეს ოქროს ფასი აქვს. მე სუბიექტურად ეს სცენაც ვნახე ამ შეხვედრაზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს სინამდვილეში, რომლის ახსნას არც შევუდგები და არც ვაკადრებ ჩვენს საზოგადოებას.

აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ, პრინციპების დონეზე თუ განვაზოგადებ რაც დავინახე ეს იყო: მენეჯერული და პოლიტიკური ლიდერობის სინთეზი; თანამშრომლობითი მიდგომები, ტრანსფორმაციულობა, მოტივირებულობა.

არ ვიცი, ვისი საკადრო გადაწყვეტილებაა ბატონი ამილახვარის ეს პოზიცია, მაგრამ სწორია. დარწმუნებული ვარ ყველაფერი ამ პრინციპებით, იმ პათოსით და ხედვებით გაგრძელდა რაც შეხვედრაზე ითქვა. როგორც ჩანს და დავინახე ამ შეხვედრაზე, ის არ იქნება მთავარი, მინისტრის წარმატებას ვინ და როგორ ჩათვლის თუ გაინაწილებს მთავრობა, პარტია თუ კიდევ სხვა ვინმე დარგიდან, ან სულაც მთელი საზოგადოება. მთავარია ჩვენი ქვეყანა, დარგი და მომავალი თაობა იხეირებს. ამიტომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, არა მგონია შესაბამისმა პოლიტიკურმა გუნდმა იმაზე მეტად უნდა დაუჭიროს მხარი ვინმეს, ვიდრე განათლების მინისტრია, რადგან მას ქვეყნის მთავარი რესურსი ჩააბარა. ყველას წარმატებას ვუსურვებ თითოეული ამ შეხვედრის მონაწილის ჩათვლით. და ვიმედოვნებ, რომ არაფერი კრიტიკულის დაწერა არ დამჭირდება, რადგან ოპტიმისტი ვარ, არც სოციალური მეხსიერება მღალატობს ჯერჯერობით და მჯერა მინისტრის წარმატებისა, რაც უცილოდ საზოგადოც გახდება”, – აღნიშნავს რუხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები