„ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ქალთა გაძლიერებას სჭირდება სისტემური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან. მას სჭირდება ერთიანი მკაფიო ხედვა და პოლიტიკა, – ამის შესახებ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის „ქალებისა და გოგოებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
საბჭოს წევრმა, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ანა ნაცვლიშვილმა მოკვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები წარადგინა.
მისი თქმით, მოკვლევის მიზანი იყო ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერების და ზოგადი გარემოს შესწავლა, რომელშიც მეწარმე ქალებს თავის დამკვიდრება უწევთ.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მოკვლევის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო ინსტიტუტების, საბანკო-საფინანსო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა თემატური შეხვედრები საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში მეწარმე ქალებთან, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მემკვიდრეობის საკითხთან მიმართებაში, კანონმდებლობა პროგრესულია, მაგრამ პრაქტიკაში კვლავ ვხვდებით ვითარებას, როდესაც სამემკვიდრეო ქონება ძირითადად გადაეცემათ ვაჟებს, ქალები კი რჩებიან მატერიალური რესურსების გარეშე, რაც აფერხებს მათ სამეწარმეო პოტენციალს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საბჭოს წევრის მარიამ ლაშხის განცხადებით, ბოლო წლებში განხორციელებული პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები ფრაგმენტულია.
„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის საბჭოს პრიორიტეტს წარმოადგენს. გვაქვს საყურადღებო შედეგები და რეკომენდაციები როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, ისე თავად საკანონმდებლო ორგანოსთვის“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
„მოხარული ვარ, რომ მოკვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. იმედი მაქვს, მოკვლევის შედეგები მნიშვნელოვან როლს შესარულებს, რომ ქალებს საქართველოში ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
თემატური მოკვლევა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.