ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა.
სატენდერო წინადადებების მიღება 31 მაისს დასრულდება. ქობულეთის შემოვლითი 2-ზოლიანი გზა შეკვეთილიდან იწყება და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან სრულდება. გზის სიგრძე 31.3. კმ-ია. საავტომობილო გზების ინტენსივობის მონიტორინგის ფარგლებში, გამოიკვეთა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის ინტენსივობის არსებული და პერსპექტიული ზრდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად მოდერნიზებისათვის მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მასზე დაფუძნებული დეტალური პროექტი. ქობულეთის შემოვლითი გზა, E70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, აჭარის ზღვისპირა ზოლიდან ავტოტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობა ახალ გზაზე ხორციელდება, რაც კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს.