“რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ამომრჩეველი არჩევნებს ენდობა” – ლადო ბოჟაძე

“მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რიგგარეშე და შუალედური არჩევნები, ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, ამომრჩეველი არჩევნებს ენდობა,” – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბოჟაძემ 29 აპრილს ჩატარებული შუალედური/რიგგარეშე არჩევნები შეაფასა.

“მთავარი და მნიშვნელოვანი რაცაა: მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რიგგარეშე და შუალედური არჩევნები, ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან მაღალი იყო, თითქმის 30 %-მდე. თუ ჩავთვლით ათივე მუნიციპალიტეტს და რვავე საარჩევნო ოლქს, 55 000 -ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთ ოლქში ამომრჩევლების დაახლოებით 35, 40, 45 %-იც კი მოვიდა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, არჩევნებში მათი არმონაწილეობის მიუხედავად, ამომრჩეველი არჩევნებს როგორც მექანიზმს, საარჩევნო ადმინისტრაციას, პროცესს ენდობა. მქონდა პატივი, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყველა პროცედურას დავსწრებოდი, დილის 07: 00 საათიდან საბოლოო შედეგების შეჯამებადე. ამომრჩევლები სასიამოვნოდ გაოცებულები და გახარებულები იყვნენ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული.
ოპოზიციას ახლა ყველაზე კარგი მომენტი ჰქონდა, საკუთარი რეიტინგი ეჩვენებინა, თუმცა, რადგანაც მათ საკუთარი რეალური რეიტინგი ყველაზე კარგად იციან, ეს შანსი ხელიდან შეგნებულად გაუშვეს, რადგანაც ისინი აჩვენებდნენ იმ შედეგებს, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნებოდა იმ რეიტინგებისგან ან მოლოდინებისგან, რასაც ისინი საკუთარ ამომრჩევლებს წარუდგენენ. არჩევნების შედეგებმა ჩვენს ნაწილში დაადასტურა, რომ ჩვენმა კანდიდატებმა იმაზე მეტი ხმა მიიღეს იმავე ოლქებში, ვიდრე 2021 წელს მივიღეთ. ეს ერთი მხრივ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მყარი ელექტორატი გვყავს, რომელიც მუდმივად “ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს და ეს ელექტორატი გაიზარდა. ზოგადად, არჩევნების ბოიკოტი ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად: 2024 -ში ეს ტენდენცია გაგრძელდეს, რომ ამომრჩეველს ნიჰილიზმი გაუჩნდეს, რომ, აი მაგალითად, ერთი კანდიდატი იყო, ხომ მაინც მოიგებდა და რატომ უნდა წავსულიყავიო”, – განაცხადა ბოჟაძემ.

ლადო ბოჟაძემ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს სისტემა 100 %-ით უსაფრთხოა.

“ეს არ იყო პირველი არჩევნები, რომელზეც ელექტრონული ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული. თუმცა, ამ ტექნოლოგიების გამოყენება ასეთი მასობრივი არ ყოფილა, იგულისხმება საარჩევნო უბნები, ამომრჩეველთა რაოდენობა. იცით, რომ ახლაც 70 %-ზე მეტში, მხედველობაში მაქვს საარჩევნო უბნების რაოდენობა, ეს არჩევნები სწორედ ელექტრონულად ჩატარდა, რაც ამომრჩეველთა 91 %-ის ელექტრონული წესით მონაწილეობას ნიშნავდა. იცით, რომ კანონმდებლობითაც, იქ, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირეა, ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება უბრალოდ არ ღირს და 2024 -შიც, მათ შორის, იგივე რაოდენობის პროპორციულად თუ ჩავთვლით, საარჩევნო უბნების დაახლოებით 70 % -ზე ასეთი ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული. მით უმეტეს, უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა, უბნები გაერთიანდა, ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 3 000 ამომრჩეველი შეიძლება, იყოს რეგისტრირებული. თუმცა, ეს ძირითადად ქალაქებს ეხება. სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირეა, იქ ასეთი ტექნოლოგიები არ გამოიყენება. თუმცა, 2024-შიც საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, რომ 90 % – ზე მეტ ამომრჩეველს, ვინც სიაში იქნება, საშუალება ჰქონდეს, არჩევნებში მონაწილეობა ელექტრონულად მიიღოს. ეს ახალი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებას ნიშნავს. ერთი მხრივ, ესაა ვერიფიკაციის აპარატი, რომელიც ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენს, იცით რომ ეუთო-ს რეკომენდაციით, ასევე მარკირების პროცედურაც დავტოვეთ. ეს არჩევნებს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს ხდის, უფრო მეტად იცავს პრინციპს- “ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა”. ვერიფიკაციის აპარატით ხდება დამტკიცება იმისა, რომ თქვენ ნამდვილად ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხართ, სწორედ იმ უბნის ამომრჩეველი ხართ. იბეჭდება ე.წ. ჩეკი, სადაც ყველა მონაცემს, რაც თქვენზეა სიაში, თქვენივე თვალით ნახავთ. ესაა ფოტოსურათი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი. ამომრჩეველი თავად აწერს ხელს, რადგანაც ეს დოკუმენტი ერთგვარი უფლებაა იმისა, რომ მასზე ბიულეტენი გაიცეს, თავად აგდებს სპეციალურ ყუთში, სადაც ასეთი ჩეკები ინახება საიმისოდ, რომ მერე გადათვლა მოხდეს, რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რამდენი ბიულეტენი გაიცა, რამდენი ბიულეტენი ჩავარდა საარჩევნო ყუთში, ანუ ე.წ. კარუსელები, ფაქტობრივად, გამორიცხულია. რაც ყველაზე მთავარია, ამან რიგები, ფაქტობრივად, შეამცირა. მანამდე ამომრჩეველი მისი გვარისთვის გამოყოფილი ადგილის გათავისუფლება ანბანურად ელოდებოდა, ახლა რადგან ერთიანი სისტემაა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ რეგისტრატორთან მიხვალ, ამან რიგები შეამცირა.

რაც ყველაზე მთავარია, ხუთივე აპარატი კი არის სისტემურად ერთმანეთთან შეერთებული და ყველა ხედავს, რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ინტერნეტთან არცერთი აპარატია არ არის მიერთებული. კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს სისტემა 100 %-ით უსაფრთხოა. რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს, როგორ უნდა მოხდეს ხმის მიცემა, როგორ უნდა გააფერადოს შესაბამისი წრე კონკრეტული კანდიდატის გვერდით. ბიულეტენს ახლავს ნიმუში, როგორ უნდა მოხდეს ეს. შემდეგ ამომრჩეველი დამოუკიდებლად აკეთებს არჩევანს, მას ასევე გადაეცემა სპეციალური ჩარჩო, რომელშიც ბიულეტენი უნდა მოათავსოს, შემდეგ კი ხმის დათვლის და მიცემის აპარატს უნდა მიაწოდოს. აპარატი იქვე აფიქსირებს, ჩაითვალა თუ არა ეს ხმა მიცემულად, ადასტურებს, რომ ხმა მიღებულია, იქვე აფიქსირებს ეს მერამდენე ამომრჩეველი იყო. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოება, ფარულობა დაცულია და, მეორე მხრივ, კენჭისყრიდან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ე.წ. წინასწარი შედეგები უკვე გვაქვს. აპარატი, ბოლოს, როცა ყველა პროცედურა დასრულდება, ბეჭდავს ე.წ. ჩეკს, სადაც მითითებულია ყველა კანდიდატისთვის მიღებული ხმების რაოდენობა, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა. შემდეგ კომისიები ამ ყველაფრის ხელახლა, ხელით დათვლას აგრძელებენ. ეს დოკუმენტი წინასწარ სურათს იძლევა. სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას და იქ ყალბი მონაცემების ჩაწერას, ე.წ. ეგზიტპოლებს, პარალელურ დათვლას აზრი არ აქვს”, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 10 მუნიციპალიტეტში იყო გახსნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები