ზურაბ ჩხაიძის თქმით, სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა

„ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი თქვა.

მისი თქმით, დღითი დღე სულ უფრო რთული ხდება პაციენტთან მუშაობა ექიმების მხრიდან, რადგან ექიმებს ზოგადად უწევთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობა.

„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს“, – ამბობს ჩხაიძე.

მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მისი კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, ამ დღეებში არაფერი შეცვლილა.

„რაც შეეხება საკვების მიღებას, რა თქმა უნდა, ეს რჩება დიდ პრობლემად, რადგან ისევ არ ხდება გათვალისწინება ჩვენი რეკომენდაციის და შესაბამისად, ხდება საკვები რაციონის უხეში დარღვევა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს, რაც შეეხება აწონვას ორშაბათს არის დაგეგმილი, გუშინ და ამ დღეებში მან უარი განაცხადა აწონვაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები