გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტში მოწვეულები იყვნენ ვეტერინარული, კინოლოგიურ-ფელინოლოგიური დაწესებულებებისა და შინაურ ბინადარ ცხოველთა საშენების წარმომადგენლები. ასევე, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრების, ცხოველთა სარეალიზაციო ზოომაღაზიების და ცხოველთა სასტუმროების მფლობელები. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს კანონპროექტის ძირითად პრინციპებსა და დებულებებზე.
„ვგეგმავთ, რომ ივნისში ინიცირება მოვახდინოთ კანონპროექტის, რომელზეც მუშაობა და განხილვები გაგრძელდება. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას, თუმცა მანამდე ბევრი სამუშაოა, არის საკითხები, სადაც სპეციალისტების ფართო წრის ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, აპარატმა ძალიან აქტიურად იმუშავა პარლამენტის კვლევით ცენტრთან ერთად და საერთაშორისო პრაქტიკა მოიძია.
„დღეს ძნელია იპოვო ქვეყანა, სადაც ისეთი ვითარებაა ამ მხრივ, როგორიც საქართველოშია. სიტუაცია ქაოტურია, იქიდან გამომდინარე, რომ ქუჩაში გაგდებული და გამრავლებული ძაღლების რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია, რომლის გამომწვევი მიზეზიც რამდენიმე ფაქტორია. ამიტომ საჭიროა ერთად დავხვეწოთ კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ადეკვატური თავშესაფარი, რასაც სახელმწიფო ფინანსები დასჭირდება”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.