საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამთო მომზადების სკოლას ესტუმრნენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საჩხერეში, ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრნენ.
დეპუტატებმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინთ შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ პარლამენტის წევრებს სკოლის მისიასა და ამოცანებზე ინფორმაცია მიაწოდა და სასწავლო პროგრამებზე, სამთო აღჭურვილობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პარლამენტის წევრებმა სკოლის სამთო მომზადების პროცესი, სპეციალურად შედგენილი სასწავლო პროგრამები და საჩვენებელი სწავლების ელემენტები დადებითად შეაფასეს.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა სკოლის ინფრასტრუქტურა, დაგვეთვალიერებინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გავსაუბრებოდით სამხედრო მოსამსახურეებს. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებით, რაც ვნახეთ და გავეცანით. სკოლა უნიკალური და ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. გარდა იმისა, რომ სკოლა ჩვენი თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებს, ასევე აქვს ნატოს პროგრამა – „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ აკრედიტაცია და მის ფარგლებში მომზადებას გადიან ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო მოსამსახურეები. საქართველოს სპეციფიკისა და თავდაცვის ძალების გათვალისწინებით, სკოლის საქმიანობას და მის პროგრამებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კანონმდებლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება იქნება დათმობილი, რომ ჯარს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა და რაც შეიძლება მეტი რესურსი იყოს მიმართული ქართულ თავდაცვაში“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.
პარლამენტის წევრები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამთო მომზადების სკოლაში, საჩვენებელ სწავლებებს დაესწრნენ და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.