გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი: არის ბავშვების კონტინგენტი, რომლებსაც „ვოსორიტიდი“, რომც იყოს დღესვე, არ ესადაგება და პრობლემები ამით არ ამოიწურება
არის ბავშვების კონტინგენტი, რომლებსაც ეს წამალი [ვოსორიტიდი], რომც იყოს დღესვე, არ ესადაგება მათ საჭიროებებს და ამ ბავშვების პრობლემები ამით არ ამოიწურება, – აღნიშნულის შესახებ ექიმმა-გენეტიკოსმა, ლალი მარგველაშვილმა განაცხადა.
გენეტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას სრულფასოვანი გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ასაკში რა მკურნალობა და რა მასშტაბის ჩარევა სჭირდება პაციენტს.
„იმისათვის, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რომელიმე ქვეყანაში დაინიშნოს და ამ პრეპარატმა სარგებელი მოუტანოს პირველ რიგში პაციენტს და მერე იმ საზოგადოებას, რომელიც გაიღებს რესურსს ამ პრეპარატის შესაძენად, საჭიროა დარწმუნებულები ვიყოთ, სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს.
დღეს განხილული იყო გზები, რომელი კონტინგენტი ექიმების, საერთაშორისო ექსპერტები იყოს ამაში ჩართული, იმისათვის რომ, პაციენტისათვის მივაღწიოთ მაქსიმალურად კეთილსაიმედო გამოსავალს. ჩვენ სამინისტრომ გვთხოვა, რომ გაიდლაინი შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი დამთავრდეს ზაფხულის ბოლოსთვის, გაიდლაინის შექმნის, რომელიც უნდა იყოს სრულფასოვანი და მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც გარდა წამლისა, ამ ბავშვებს დღესდღეობით აქვს“, – განაცხადა ლალი მარგველაშვილმა.