ნინო ხელაძე – „ვოსორიდიტზე“: არცერთი ქვეყნის პროტოკოლში ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის – ექიმები მზად ვართ, რომ პრეპარატის შეძენის შემთხვევაში ვმართოთ პაციენტები ისე, როგორც აუცილებელია
„არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის“, – აღნიშნულის შესახებ ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნინო ხელაძემ იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბავშვთა ენდოკრინოლოგმა სამუშაო შეხვედრასა და პროტოკოლზე ისაუბრა.
„გაიდლაინზე დაჩქარებულ რეჟიმში ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ პირველ ივნისამდე იქნება დრაფტი, რომელიც შემდგომ განიხილება და დამტკიცდება. ამ გაიდლაინზე მუშაობს სხვადასხვა სპეციალისტი, ბევრი ექიმი. წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვს სხვადასხვა გართულება, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, ეს რაც შეიძლება დროულად უნდა იყოს შეთავაზებული და რაც შეიძლება კვალიფიციურად.
არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ამ ეტაპამდე გამოშვებულში, ეს პრეპარატი, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის.
რა თქმა უნდა, რისკები არის, თუმცა, ამ რისკებს ჩვენ ყველას გავეცანით. ეს რისკები მართვადია და ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ თუ პრეპარატს შეიძენენ ვმართოთ პაციენტები ისე, როგორც აუცილებელია და როგორც მართავენ იმ ქვეყნებში, რომელშიც ამ პრეპარატებს იყენებენ. მზად ვარ, გავუწიო რეკომენდაცია და პაციენტებს დავეხმარო მკურნალობის დაწყებაში“, – განაცხადა ნინო ხელაძემ.