ზაზა ლომინაძე: გაფართოებულ თათბირზე შევჯერდით, რომ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება ქართული პროტოკოლი, გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გაიდლაინები

პროტოკოლზე მუშაობა არის რთული, შესაჯერებელი პროცესი, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება ახალ მედიკამენტს და მოგეხსენებათ, არცერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ჯერ შეყვანილიც კი არ აქვს, რაც ართულებს ამ ჯგუფის მუშაობას, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრა.

ზაზა ლომინაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი კვირაში ერთხელ იკრიბება, შესაბამისი პროტოკოლი, დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში შემუშავდება და მასში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები.

„დღეს გაფართოებულ თათბირზე ბევრი ექიმი, ბევრი დაწესებულების წარმომადგენელი, ჯანმო, პარლამენტი, სამინისტრო, ყველა ჩართულები ვიყავით და შევჯერდით, რომ 1 თვის განმავლობაში შემუშავდება ქართული პროტოკოლი/გაიდლაინი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ესა თუ ის რეკომენდაციები. გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო აზრი, გაიდლაინები. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ამ დასახელებით, ამ დოზირებით, არ უდევს. ჯგუფი იკრიბება კვირაში ერთხელ და მე იმედი მაქვს, რომ ყველას ჩართულობით ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები