ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 6 პირი დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ექვსი პირია ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გამოძალვაში.
როგორც ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება, სოხუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არტურ კვეკვესკირი, ადგურ ხარჩილავა, ალიას ხარჩილავა, თემურ ალხორბა და ადგურ ავიძბა დაკავებულია.
გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე – “ლეონიდ შოკლერი 14 აპრილს, დაახლოებით, 18:30 საათზე სოხუმში, სავაჭრო კომპლექსის მახლობლად მდებარე ავტოსადგომიდან გაიტაცეს. ის სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს, სადაც მასზე იძალადეს. 18 აპრილამდე შოკლერი უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ხნის განმავლობაში ის არაერთხელ გადაიყვანეს ერთი ადგილიდან მეორეზე. აღნიშნული იქამდე გაგრძელდა, ვიდრე დედამისმა გამტაცებლებს გამოსასყიდი – ხუთი ათასი დოლარი არ გაუგზავნა. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს”.
მსხვერპლის მეგობარი – “ისმაილ შეიხი 19 აპრილს, დაახლოებით, 14:30 საათზე შოკლერის დროებითი საცხოვრებლიდან გაიტაცეს. ის გალის რაიონის სოფელ ოქუმში წაიყვანეს და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა გამოიყენეს. თუმცა, შეიხმა გაქცევა შეძლო და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა”.