“უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის რუსეთის თანხმობა სჭირდება” – უნგრეთის ვიცესპიკერი

უნგრეთის პარლამენტის ვიცესპიკერმა, ულტრამემარჯვენე პარტიის “ჩვენი სამშობლოს” წარმომადგენელმა, დორა დურომ განაცხადა, რომ მაღალი რისკების გარეშე უკრაინის ნატოში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მსგავს ნაბიჯს რუსეთი შეთანხმების ფორმატში დაამტკიცებს.

ამის შესახებ მან „იზვესტიასთან“ ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, „ვერ ვხედავთ რაიმე გარემოებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხარჯზე ნატოს გაფართოებას“.

„სანამ უკრაინის საზღვრები სადავოა და შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება, ნატოს წესებიც კი გამორიცხავს ალიანსში კიევის გაწევრიანებას“, – თქვა მან.

შემდეგ მან წამოაყენა უკრაინის ნატოში შესვლის პირობა, რაც, მისი თქმით, რუსეთის თანხმობა უნდა იყოს.

„ომის დაწყების რისკის გარეშე, უკრაინის შესვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაამტკიცებს მას გარკვეული შეთანხმების სახით“, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წარმომადგენელმა.

ამ კონტექსტში, დურომ ასევე გააკრიტიკა კიევი, ეროვნული უმცირესობების თითქოსდა „შევიწროების“ გამო.

„უკრაინის ხელმძღვანელობას არ სურს, უზრუნველყოს უნგრელებისთვის, რუმინელებისთვის, რუსებისა და სხვა უმცირესობებისთვის ელემენტარული უფლებები. ცდილობს, შეზღუდოს მათი არსებული უფლებები, განსაკუთრებით -,ენის გამოყენების სფეროში”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები