“თვალიდან გამონადენი, ქავილი და სიწითლე” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ახასიათებს კოვიდის ახალ შტამს, Arcturus-ს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შტამს, XBB.1.16-ს ე.წ. Arcturus-ს კონიუნქტივიტი ახასიათებს, რაც თვალიდან გამონადენში, ქავილსა და სიწითლეში გამოიხატება. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება კლინიკურ მიმდინარეობს: ჩვენი ინდოელი კოლეგების მონაცემებზე დაყრდნობით, სხვა შტამებისგან ერთადერთი განმასხვავებელი სიმპტომი კონიუნქტივიტია, თვალის ქავილი, სიწითლე, თვალიდან გამონადენი, რაც დღემდე სხვა ვარიანტებს არ ჰქონია. ასევეა ცხელება, თავის, ყელის ტკივილი, ხველა. ბავშვებში შედარებით მაღალი ტემპერატურით და კონიუნქტივიტით გამოირჩევა.
ერთი მითითება, რაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიტანა: გაზაფხულზე 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის დამატებითი ვაქცინაცია, ბუსტერ დოზაა რეკომენდებული”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ინდოეთის მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ახალ შტამს უფრო სწრაფად გადამდებლობის უნარი აქვს.

“ახალი შტამის სამედიცინო დასახელება XBB.1.16 -ია. თუმცა, ყურს უფრო მეტად “ტვიტერში” ერთ-ერთი მეცნიერის მიერ შერქმეული სახელი – Arcturus-ი ხვდება. შემთხვევების მატება ნამდვილად არის. მაგალითად, ინდოეთში ერთი თვის წინ 5 000 აქტიური შემთხვევა იყო, ახლა 65 000-ზე მეტია. ეს ინდოეთისთვის არაფერია, თუმცა, შემთხვევების მატება ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯანმო-მ გადაწყვიტა, ეს ახალი მუტაცია მუტაციების ერთ-ერთ კატეგორიაში შეეყვანა. ჯანმო-ს მუტაციების 3 კატეგორია აქვს. ყველაზე მძიმე შეშფოთების ვარიანტია, ყველაზე დაბალი კატეგორიაა – მუტაციები მონიტორინგის ქვეშ, ანუ მუტაცია, რომელსაც ჯანმო ინტენსიურად აკვირდება, რადგან მიიჩნევს, რომ მას გარკვეული პოტენციალი აქვს, ან უფრო მეტად გადამდები, ან უფრო მეტად მძიმე დაავადების გამომწვევი გახდეს. ის ინფორმაცია, რაც ინდოეთიდან გვაქვს, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ახალ მუტაციას უფრო სწრაფად გადამდებლობის უნარი აქვს. მაგრამ, მეტი სიმძიმით არ გამოირჩევა, მეტ ჰოსპიტალიზაციას და ლეტალობას არ იწვევს. “ომიკრონის” ქოლგის ქვეშ არსებული ყველა მუტაციის მსგავსია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თუ ეს ვარიანტი საქართველოშიც შემოვიდა, ჩვენ მაქსიმუმ შეიძლება, შემთხვევების მატებას ველოდოთ, მაგრამ არ უფრო მეტ ჰოსპიტალიზაციას და გარდაცვალებას. შემთხვევების მატებაც ისეთი არ იქნება, რომ პანდემიის ახალ ტალღად შეფასდეს”, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები