ლევან ხაბეიშვილი: 73 ოლქში ჩატარდება არჩევნები და „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები აირჩევენ რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პოლიტსაბჭოს წევრებს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 73 ოლქში ჩატარდება არჩევნები და პარტიის ამომრჩევლები რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პოლიტსაბჭოს წევრებს აირჩევენ.

“უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა. პარტიული ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდეს დაპირებული არჩევნები.

საუბარია 73 საარჩევნო ე.წ ოლქზე, ქალაქებზე, რაიონებსა და დედაქალაქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქის, ან რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამავე დროს, ყველა რაიონს, ქალაქს, მუნიციპალიტეტს, ანუ 73-ვე ოლქს პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი ეყოლება.

შესაბამისად, 30 აპრილამდე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. მინდა, მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ადამიანს, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში სურს თუნდაც ერთი აგურის დადება, 30 აპრილამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მოგვმართეთ წერილობით, რომ ჩაერთოთ სამუშაო ჯგუფში, ან გაქვთ რაიმე სხვა ინიციატივა.

30 აპრილიდან სამუშაო ჯგუფს უკვე დაევალება კონკრეტული თარიღების გამოცხადება, წესის შემუშავება იმისთვის, რომ ყველა ქალაქში, რაიონში, მუნიციპალიტეტში თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარის, პარტიის სამდივნოს,ან პოლიტსაბჭოს მიერ დანიშვნის მაგივრად, პირდაპირი წესით, ამომრჩევლების, ჩვენი მხარდამჭერების მიერ იქნებიან არჩეულნი, რომლებსაც ავტომატურად ეყოლებათ წარმომადგენლობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოში.

პოლიტიკური საბჭოს 73 წევრის მანდატი მთლიანად გადავეცით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს. ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მხარდამჭერებს, როგორც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ისე სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები