ზაზა ლომინაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს მადლობის სიგელი გადასცა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ და კომიტეტის წევრებმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) წარმომადგენელ ღასან ხალილთან.
პარლამენტის ინფორმაციით, ზაზა ლომინაძემ ღასან ხალილს ბავშვების განვითარებასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. თავის მხრივ, ღასან ხალილმა პარლამენტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რასაც მისი საქართველოში თითქმის ხუთწლიანი საქმიანობის განმავლობაში იღებდა.
„ღასან ხალილი მრავალი წელია საქართველოში იუნისეფის მისიას ხელმძღვანელობს და იგი ამ მისიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელი იყო. მან არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა საქართველოში, მათ შორის, პარლამენტთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების უფლებების დაცვა სწორედ ღასან ხალილის საქმიანობის დროს ავიდა ძალიან მაღალ დონეზე ჩვენს სახელმწიფოში და, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი, პარლამენტის მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იყო. გულდასაწყვეტია, რომ მისი მისია სრულდება, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, გულით და სულით ჩვენთან, საქართველოში რჩება”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, კომიტეტის წევრები რიმა ბერაძე და ირმა ზავრადაშვილი.