“ბოლო 2 თვის განმავლობაში კოვიდვითარების მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს” – ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში კოვიდვითარების მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება და ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამის შესახებ გოგინავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“საქართველოში დაახლოებით ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ სტაბილურია. დადებითი დინამიკა გვაქვს. თუ თებერვალსა და მარტში შედარებით მეტი შემთხვევა გვქონდა, მე რა ინფორმაციაც მაქვს, აპრილის დასაწყისში შემთხვევების რაოდენობა არ მომატებულა, პირიქით, კლების ტენდენციაა. ეს სადამდე გაგრძელდება, რთული სათქმელია, იმაზეა დამოკიდებული, გლობალურად როგორი ეპიდსიტუაცია იქნება.
ბოლო 1 თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში კვირაში რამდენიმე ასეული დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და ერთეული გარდაცვალება. ეს დინამიკა არ გაუარესებულა, პირიქით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება. კვირაში რამდენიმე ათეულიდან ასეულ შემთხვევამდე გვაქვს და ერთეული გარდაცვალება.
ბოლო 2 თვის განმავლობაში არ აღინიშნება ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს. ქვეყანაში „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის შესახებაც ვიცით. მათი მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია, თუმცა, საყურადღებოა იმ ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.
კორონავირუსის ახალი შტამის, XBB.1.16 – ის ახალი შემთხვევები საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის”, – განაცხადა გოგინავამ.