ირაკლი კობახიძე: ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას – ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაზე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და ბოლომდე ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.