არჩილ თალაკვაძე: კეზერაშვილი ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას

„თავისუფალი ჟურნალისტიკა შეუთავსებელია იმასთან, რომ დავით კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, საერთაშორისო თაღლითობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს მედიის საქმიანობას. ამიტომ, ეს უნდა შეფასდეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემად ან გადაფორმებად, არამედ ტელევიზიის გადამალვად”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე დავით კეზერაშვილის დღევანდელ განცხადებას.

მისივე თქმით, როგორც  უნდა ეცადოს კეზერაშვილი, რომ პარტიის ან მედიის უკან დაიმალოს, საზოგადოებისთვის სიმართლე ცნობილია.

“ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას, რათა ამ მედიამ აქამდე დასახული ამოცანების შესრულება გააგრძელოს. საბოლოოდ, საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. როგორც არ უნდა ეცადოს კეზერაშვილი, რომ პარტიის ან მედიის უკან დაიმალოს, საზოგადოებისთვის სიმართლე ცნობილია და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მის საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას დაამტკიცებს. ამასთან, როგორც კეზერაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის უარს ამბობს ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს აძლევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები