17-21 სექტემბერს კანის ფესტივალის სექციის ფილმების ჩვენება გაიმართება

კომპანია “აბლაბუდა ფილმის” ორგანიზებით, 2014 წლის 17-21 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება კანის ფესტივალის სექციის -კრიტიკოსთა კვირეულის სპეციალური ფილმების ჩვენება. ჩვენებების მიზანია, მსოფლიო თანამედროვე ფილმების და ტალანტების გაცნობა ქართველი მაყურებლისთვის. ასევე, ალტერნატიული ფილმების ჩვენების კულტურის დანერგვა და მათდამი ინტერესის გაძლიერება. ოთხი დღის მანძილზე, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თანამედროვე ფილმები, რომელთა ავტორები კანის ფესტივალის კრიტიკოსებმა ახალ ტალანტებად აღიარეს. ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში 2013-14 წლებში კანში ნომინირებული ხუთი საუკეთესო ფილმი იქნება წარმოდგენილი. კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვრო დირექტორი – ჩარლზ ტესონი, საფრანგეთის აუდიოვიზუალური ატაშე ფანი ობერი და რამდენიმე ფილმის რეჟისორი.
კრიტიკოსთა კვირეული წელს 54-ედ გაიმართა კანის კინოფესტივალის ფარგლებში და მისი მთავარი მიზანია ახალი ტალანტების ძიება და მათი სამომავლო მხარდაჭერა. ეს სექცია კანის კინოფესტივალს 1961 წელს საფრანგეთის კრიტიკოსთა ასოციაციის ინიციატივით დაემატა. სწორედ კრიტიკოსთა კვირეულმა შეუწყო ხელი შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორების აღმოჩენას. საქართველო კრიტიკოსთა კვირეულს წელს მეორედ უმასპინძლებს. პროგრამის ორგანიზება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები