შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა. შალვა პაპუაშვილის წერილს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ,

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა.

ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თან ერთვის ამ წერილს.

მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე.

გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები