გიორგი ცაგარეიშვილი: მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მოწამვლის ბოდვითი თეორია ჩაფლავდა, ახალი ტაქტიკა აირჩიეს – დაიწყეს მისთვის ჯილდოების შეგროვება
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ბოდვითი თეორია ჩაფლავდა და ლიმბახის დასკვნის საფუძველზე ამას წერტილი დაესვა, სააკაშვილის ოჯახმა, ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ახალი ტაქტიკა აირჩიეს – დაიწყეს მისთვის ჯილდოების შეგროვება მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ცაგარეიშვილის თქმით, ოჯახებისთვის, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფიზიკურად და მორალურად განადგურდა, ვერავითარი შვება იქნება, მას ორ ჯილდოს მიანიჭებენ თუ – ათს.
„როგორც ჩანს, ამ პრიზებს პალატაში განათავსებენ, რათა ეს ადამიანი იმ ცრუხიბლით დატკბეს, რომელშიც 2004 წლიდან არის ჩავარდნილი. სააკაშვილი საკუთარი თავისგან სწორუპოვარ გმირს ქმნიდა და თავი მართლა პრომეთე ეგონა, რომელიც ჯერ თამარ მეფის ხიდთან მიაჯაჭვა, ხოლო შემდეგ მოიპარა და ბორჯომში გადახვეწა. ახლა ვარშავიდან მისი მშობელი ჯილდოს ჩამოუტანს. ამით მისი კასტის და დაჯგუფების წევრები სავარაუდოდ, გაიხარებენ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“, – თქვა ცაგარეიშვილმა.