საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას” მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია” თანმდევ კანონპროექტებთან ერთად განიხილეს.
პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი განსახილველად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალვერდ ჩაქსელიანმა წარადგინა.
კონვენციის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების ანთროპოგენული ემისიისა და გაჟონვისაგან.
„სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კონვენცია შესაბამის მხარეებს მოუწოდებს მიიღონ და განახორციელონ მარეგულირებელი და პოლიტიკური ზომები, რაც ითვალისწინებს ვერცხლისწყლიდან და მისი ნაერთებით ვაჭრობის გამოყენებასა და მათ მიწოდებაზე კონტროლს”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი ინფორმაციით, კონვენციის ძირითადი მუხლები ეხება ვერცხლისწყლის პირველად მოპოვებას, ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების შემცველი გაფრქვევების კონტროლს, წყალში და ნიადაგში მისი გაჟონვის კონტროლსა და შემცირებას, ოქროს კუსტარული მოპოვების დროს ვერცხლისწყლის გამოყენების შეზღუდვას და ა.შ. მისივე თქმით, კონვენცია ასევე მოიცავს მნიშვნელოვან მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებას განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის. როგორც საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, კონვენციიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „გარემოს დაცვის შესახებ”, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „სისხლის სამართლის კოდექსში”.
ალვერდ ჩაქსელიანის განმარტებით, ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 4000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო ოქროს მოპოვების ან გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციას მხარი დაუჭირა.
დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ახალი მოადგილე აირჩიეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას მარიამ ლაშხი დაიკავებს. სხდომაზე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების” და „მუდმივმოქმედი დელეგაციების” შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შესატან ცვლილებებს.