„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად კენჭს გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან.

„ხვალვე, უმრავლესობის წევრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ კი – გივი მიქანაძის კანდიდატურებს დაუჭერენ მხარს.

5 აპრილს, დეპუტატები დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გადანაწილების შესახებ, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შემადგენელი ნაწილია. ასევე, დეპუტატები კომიტეტების ანგარიშებს მოუსმენენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები