არჩილ თალაკვაძე – “ნაცმოძრაობაზე”: ეს პოლიტიკური პარტია გაკოტრდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა.
როგორც მან “ქრონიკის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პოლიტიკურად უკანონო ფულით და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით დანარჩენი ოპოზიციური პარტიები დააშანტაჟოს.
„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია გადავიდა 8-თვიან ბოიკოტში. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, ევროპელებიც მოუწოდებდნენ ამ ოპოზიციურ პარტიებს, შედით, იმუშავეთ პარლამენტშიო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ ზეწოლას ახდენდა ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიაზე. მათ გარდა 8 ოპოზიციური პარტია შევიდა მაშინ პარლამენტში, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერც ერთმა გაბედა, რომ პარლამენტში სხდომას დასწრებოდა და თავისი მანდატი გამოეყენებინა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მათ ემუქრებოდა გაქრობით. ახლა ვნახოთ, როგორ უკავშირდება ეს პროცესები კეზერაშვილის დღევანდელ განცხადებებს. მაშინაც და დღესაც ეს არის ერთი ხაზი. სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პოლიტიკური შანტაჟით, უკანონო ფულით და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით დააშანტაჟოს დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რათა შეინარჩუნოს პოლიტიკური მონოპოლია ოპოზიციაში. ანუ, ისინი თავის თავს ეძახდნენ მთავარ ოპოზიციას, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, დღეს კი ცარიელი სკამებით არიან წარმოდგენილი პარლამენტში, სხდომებზეც არ დადიან, კითხვებსაც ვერ სვამენ ნორმალურად და, რაც მთავარია, წამყვანმა ფიგურებმა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო გუნდი. გაკოტრდა ეს პოლიტიკური პარტია. ის ხაზი, რომ მე მაქვს ფული და მე ვაკონტროლებ ტელევიზიას, თქვენ გადაგიგრეხთ ხელებს და მოგერევით, ეს ხაზი რჩება და ამ ხაზს აგრძელებს კეზერაშვილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.