რატი იონათამიშვილი: „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, მანქანების დაწვა, მაროდიორობა – ეს არის კრიმინალური დანაშაული
“მათ, ცხადია, აქვთ იმის შიში, რომ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს – ეს ადამიანი მოქმედებდა თავისით თუ ასრულებდა ვინმეს დავალებას და თუ ასეა, ჩვენი ინტერესია გავარკვიოთ ვის დავალებას შეიძლება ასრულებდეს იგი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას
განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი სახის მაროდიორობაზე კანონისმიერი რეაგირება უნდა მოხდეს.
„მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, მანქანების დაწვა, მაროდიორობა – ეს არ არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის კრიმინალური დანაშაული და ქმედება, რომელზეც პროპორციული და კანონისმიერი რეაგირება უნდა მოხდეს. სწორედ ასეთი პროცესები ნიშნავს ევროპულ სტანდარტსაც, რომ ნებისმიერ დანაშაულს ჰქონდეს პროპორციული მოქმედება სამართალდამცველების მხრიდან. ვისაც უნდა, რომ უკანონობა და უზნეობა დააკანონოს, როგორც ევროსტანდარტი, ამით მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ თვითონ არიან ასეთი ადამიანები“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. მას სახელმწიფო ბრალდება აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას და პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება.