ირაკლი ღარიბაშვილი – ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, ამას არავის ვაპატიებთ, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები
რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი. გახსოვთ, ყველამ ნახეთ კადრები, როგორ ესროლა ერთ-ერთმა ანარქისტმა „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის არ ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა. საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც რა თქმა უნდა, არავის არ გამოუვიდოდა და არ გამოუვა. რაც შეეხებათ ანარქისტებსა და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებულები იყვნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი კიდევ უფრო შორს მიმავალი იყო. მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.