ირაკლი ზარქუა: აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს – ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ

“თუ ამ ახალგაზრდას დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს”, –
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, აქციების უკან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები დგანან, რომლებმაც ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს.
,,ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, უფლება არავის გვაქვს, მტკიცებით ფორმაში ვილაპარაკოთ, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ – ახალგაზრდაც, ძველგაზრდაც, დეპუტატიც, პრეზიდენტიც და ყველა.
ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო. ევროპა რატომ გვინდა? – იქ კანონია უზენაესი და ყველა თანასწორი ვართ. თუ ამ ახალგაზრდას დაუმტკიცდება, რომ დანაშაული ჩაიდინა, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს. ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა. თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს ძალადობაში გადაეყვანათ თავისუფალი გამოხატვის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიღებული. დანაშაულის უკან ვინც იქნება გამოკვეთილი პოლიტიკოსი, ყველა პასუხისგებაში იქნება მიცემული“,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. მას სახელმწიფო ბრალდება აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას და პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები