„უკრაინაში ყველას დავხოცავთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვიყვარს” – ვინ იყო ვლადლენ ტატარსკი, რომელიც 2 აპრილს ააფეთქეს

ვინ არის მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი, რომელიც 2 აპრილს სანკტ – პეტერბურგში, კაფეში ააფეთქეს.

ტატარსკი 1982 წელს ქალაქ მაკეევკაში დაიბადა, 1999 წელს მაღაროში დასაქმდა და ბიზნესით იყო დაკავებული. ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მან 2011 წელს ბანკი გაძარცვა, რისთვისაც სასჯელს ​გორლოვკას კოლონიაში იხდიდა.

2014 წელს ფომინმა კოლონია დატოვა, დონბასში რაზმს შეუერთდა და უკრაინელი “ნაციონალისტების” წინააღმდეგ იბრძოდა. ცნობილია, რომ ის მსახურობდა ქვედანაყოფებში – “ვიტიაზი”, “ვოსტოკი”, ასევე, ე.წ.ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციაში ჯაშუშად ირიცხებოდა.

2019 წელს ფომინმა საკუთარი “ტელეგრამის არხი” შექმნა და აიღო ფსევდონიმი – “ვლადლენ ტატარსკი”, ვიქტორ პელევინის რომანის “თაობა P”-ის გმირის პატივსაცემად.

2020 წელს ის მოსკოვში გადასახლდა, სადაც რამდენიმე წიგნი დაწერა: “სირბილი”, “ომი” და “მედიტაცია”.

უკრაინაში “სპეცოპერაციის” დაწყების შემდეგ, ის დონბასში დაბრუნდა და “ვოსტოკის” ბატალიონს შეუერთდა.

პარალელურად, “ტელეგრამის არხს” ინარჩუნებდა, სადაც 560 ათასი გამომწერი ჰყავდა და ომის ზონიდან ინფორმაციას ავრცელებდა.

რუსი დაქირავებული მებრძოლი და სამხედრო კორესპონდენტი ხშირად მოუწოდებდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ელექტროსადგურების განადგურებისკენ, რომ საავადმყოფოებში მეტი უკრაინელი დაღუპულიყო.

ასევე, პროპაგანდისტი ბუჩაში მომხდარით ამაყობდა და კიდევ უფრო მეტი სისასტიკისკენ მოუწოდებდა.

“დავიბადე და გავიზარდე დონბასში. 9 წლის ვიყავი, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და მას შემდეგ მამაჩემისგან მესმოდა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი იქნებოდა. მთელი ბავშვობა ვემზადებოდი ამ ომისთვის, მაგრამ ის არ იწყებოდა. მშობლების წინასწარმეტყველებები თანდათან დავიწყებას მიეცა. რუსულ გაზაფხულს ციხეში შევხვდი. სასამართლოს განაჩენით, სასჯელს ერთ-ერთი კომერციული ბანკის შეიარაღებული ძარცვისთვის ვიხდიდი. თავს ვერ მივცემდი იმის უფლებას, ვმჯდარიყავი ციხეში, როდესაც ჩემი ომი მიმდინარეობდა და გადავწყვიტე ფრონტში მოხვედრა ნებისმიერ ფასად. მსჯავრდებულთა ჯგუფთან ერთად გაქცევის შემდეგ, რაზმში შევედი”, – წერდა ტატარსკი.

პროპაგანდისა და რუსული აგრესიის გამართლების გამო, ტატარსკი უკრაინის “მშვიდობისმყოფელის” ბაზაში იყო შეყვანილი.

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში “სპეცოპერაცია” დაიწყო, ტატარსკიმ დაწერა: “რუსული არმია ოპერაციას მართავს, რომლის მასშტაბები აღემატება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნებისმიერ ოპერაციას. მე ვამაყობ ჩვენი არმიით, ჩვენი გენერლებით, რომლებმაც თითქმის ერთ დღეში გაანადგურეს ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები”.

რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის შემდეგ, ტატარსკიმ კრემლში ვიდეომიმართვა ჩაწერა და თქვა: “ყველას დავხოცავთ ყველას, ვინც საჭიროა – გავძარცვავთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვიყვარს”.

კიდევ ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ სურს “უკრაინის სახელმწიფოს სრული განადგურება”, მაგრამ აღიარებდა, რომ უკრაინისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა.

2022 წლის შემოდგომიდან პროპაგანდისტმა რუსული არმიის სარდლობის კრიტიკა დაიწყო. ამის შემდეგ მას “ვაგნერის” და მისი დამფუძნებლის მხარდამჭერად აღიქვამდნენ, რომელიც ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები