აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ტრამპისთვის ბრალის წაყენებამ ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრეგმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობით, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი ხალხი უსამართლობას არ მოითმენს და წარმომადგენელთა პალატა ელვინ ბრეგს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პასუხს აგებინებს.

„ელვინ ბრეგმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობით.

როდესაც ის რეგულარულად ათავისუფლებს მოძალადე კრიმინალებს საზოგადოების დატერორებისთვის, მან გამოიყენა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

ამერიკელი ხალხი არ მოითმენს ამ უსამართლობას და წარმომადგენელთა პალატა ელვინ ბრეგს მისი უპრეცედენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პასუხს აგებინებს“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ცნობისთვის, მანჰეტენის დიდმა ჟიურიმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მხარი დაუჭირა. საქმე ეხება ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებებიდან ერთ-ერთს, რომელიც შეეხება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს (ნამდვილი სახელია – სტეფანი კლიფორდს), რომელსაც სავარაუდოდ დუმილის სანაცვლოდ ტრამპმა ფული გადაუხადა.

თავის მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სტორმი დენიელსთან სექსუალურ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები