მანჰეტენის დიდმა ჟიურიმ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მხარი დაუჭირა. საქმე ეხება ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებებიდან ერთ-ერთს, რომელიც შეეხება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს (ნამდვილი სახელია – სტეფანი კლიფორდს), რომელსაც სავარაუდოდ დუმილის სანაცვლოდ ტრამპმა ფული გადაუხადა.
საქმის მასალების მიხედვით, 2016 წლის არჩევნებამდე დონალდ ტრამპმა, ადვოკატის მეშვეობით, სტორმი დენიელსს $130 000 გადაუხადა, რომ მას არ ესაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატთან სექსუალური კავშირის შესახებ, რომელიც მათ შორის 10 წლის წინ მოხდა.
აღნიშნულია, რომ ცალკე აღებული ეს გადახდა უკანონო არ ყოფილა, თუმცა, ტრამპმა და მისმა ადვოკატმა ის გააფორმეს, როგორც ერთმანეთში იურიდიული მომსახურება, რაც ნიუ-იორკის შტატში თაღლითობად მიიჩნევა და ისჯება სისხლის სამართლის კანონმდებლობით. 2018 წელს ტრამპის ადვოკატს საქმეზე სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ტრამპისთვის, მაშინდელი პრეზიდენტისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.
ტრამპი სტორმი დენიელსთან სექსუალურ კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შემდეგ, მანჰეტენის ოლქის პროკურორი, ელვინ ბრეგი, სავარაუდოდ, ტრამპს ბრალს ოფიციალურად წაუყენებს. ყოფილ პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში სასამართლოში გამოცხადება მოუწევს, სადაც მას დააპატიმრებენ, აუღებენ თითის ანაბეჭდს და გადაუღებენ ფოტოს პროფილსა და ანფასში, როგორც ყველა ეჭვმიტანილს, რის შემდეგაც საქმის პირველი სხდომა გაიმართება.
CBS ტრამპის ადვოკატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის პროკურატურას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, 4 აპრილს ჩაბარდება.